სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

პრემიერი: სდსს აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ისეთ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც გამართულად მუშაობს. ამის შესახებ პრემერმა სახელმწიფო დაცვის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სდსს აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. 

"დღეს 20 წელი შესრულდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან. მე მინდა, მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რადგან თქვენ ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საპატიო საქმეს ემსახურებით. თქვენ ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგახართ და ერთგულებით, საქმის ცოდნითა და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას - თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს და უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი და ჩვენ ვამაყობთ თქვენი პროფესიონალიზმით. ამ ოცი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა ისეთ სტრუქტურად, რომელიც მუშაობს გამართულად, ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების პროფესიონალიზმს და მომზადების დონეს სათანადოდ აფასებენ საერთაშორისო მასშტაბითაც და ეს ძალიან საამაყოა ჩვენთვის, ყველასთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ასეულის პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ფიცი დადო. სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ ორ ოფიცერს - კახა შევარდენიძეს და დავით კოკაურს. 

კომენტარები