სერენა უილიამსი

სერენა უილიამსს შავი პანტერას კოსტიუმის ჩაცმა აუკრძალეს, მან ბალერინას კაბა ჩაიცვა

სერენა უილიამსმა ამერიკის ღია პირველობის პირველ მატჩში ბალერინას კაბით ითამაშა. კაბა დიზაინერმა ვირგილ აბლოჰმა ნაიკთან ერთად შექმნა. 

36 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში, როლან გაროსზე "შავი პანტერას" კოსტიუმის ჩაცმა აუკრძალეს. 

საფრაგნეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბერნარდ ჯუდიჩელიმ თქვა, რომ ეს კოსტიუმი მიუღებელია. 

"ყველამ უნდა გამოიჩინოს პატივისცემა ჩოგბურთის და ადგილის მიმართ", - თქვა მან. 

თუმცა, სერენას თქმით, მას ეს კოსტიუმი სისხლჩაქცევების გამო ეცვა, რომლითაც ის შვილის გაჩენის შემდეგ იტანჯება. 

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამერიკელი ჩოგბურთელისთვის კონკრეტული ტანსაცმლის აკრძალვის შესახებ გულშემატკივრების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, სერენა უილიამსის მიერ ბალერინას კაბის ჩაცმას კი ფანები ოვაციებით შეხვდნენ. 

"დიახ, სერენა უილიამსი ქალღმერთი და დედოფალია. არ შეგიძლია ჩაიცვა შავი პანტერას კოსტიუმი? ძალიან კარგი: ჩაიცვი ბალერინას კაბა და დაიკიდე". 

"ვერ იცვამ ქეთსუითს, კარგი, ახლა ბალერინას კაბით წავალ". სერენა უილიამსი როლური მოდელია, რომელიც დიდი გოგოებსაც სჭირდებათ. უილიამსი მშვიდი და მტკიცეა, ბალერინას კაბაშიც კი". 

ნაიკის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე კი წერია: 

"თქვენ შეგიძლიათ სუპერგმირს კოსტიუმი წაართვათ, მაგრამ ვერასდროს წაართმევთ სუპერძალებს". 

კარიერის განმავლობაში სერენა, ისევე როგორც მისი და ვენუსი, ხშირად გამხდარან დაცინვის და კრიტიკის მსხვერპლები აღნაგობის გამო. ამბობენ, რომ ისინი მასკულინურები და "დიდები" არიან. რუსმა მარია შარაპოვამ ერთხელ თქვა, რომ უილიამსებისგან განსხვავებით ის ფემინურია და არ უნდა, ოდესმე მათსავით გამოიყურებოდეს. 

თავად სერენას თქმით, ის ბალერინას კოსტიუმში თავს ძალიან ფემინურად გრძნობდა. ასევე, როგორც ჩოგბურთელმა თქვა, ყველაფრის მიუხედავად, საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჯუდიჩელისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. 

კომენტარები