ვლადიმირ პუტინი

პუტინი: სამუშაო ძალის შემცირების გამო საპენსიო რეფორმას დიდი ხნით ვერ გადავდებთ

ვლადიმირ პუტინი
Kremlin via Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში დაგეგმილ საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა და თქვა, რომ დაგეგმილი ცვლილებები მტკივნეული იქნება, თუმცა სამუშაო ძალის შემცირების გამო დიდი ხნით ვერ გადადებენ.

სატელევიზიო მიმართვაში პუტინმა პირველად აიღო რეფორმაზე პასუხისმგებლობა და თქვა, რომ ის ქვეყნის ფინანსებისთვის, საზოგადოების სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთოებისთვისაა საჭირო.

თუმცა, პუტინი დათმობებზეც წავიდა და თქვა, რომ რეფორმის ცალკეული ნაწილები შემსუბუქდება. მაგალითად, ქალებისათვის საპენსიო ასაკი 63-ის ნაცვლად მხოლოდ 60-მდე გაიზრდება.

"ჩვენ განსაკუთრებული, მზრუნველი დამოკიდებულება გვაქვს ქალებისადმი" თქვა პუტინმა.

წარსულში პუტინი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ საპენსიო ასაკს არ გაზრდიდა. მიმდინარე წელს პუტინის რეიტინგი გასულ წელთან შედარებით 80%-დან 67%-მდე დაეცა. გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ მოსახლეობის 90% საპენსიო რეფორმას ეწინააღმდეგება.

რეფორმის პროექტი პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა ივნისში წარადგინა. დიმიტრი მედვედევის თქმით, საპენსიო ასაკის გაზრდა ქვეყანას საშუალებას მისცემს მთავრობას, თანხები პენსიის გაზრდაზე მიმართოს.

რეფორმის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით მამაკაცებისათვის საპენსიო ასაკი 60-დან 65 წლამდე, ხოლო ქალებისათვის 55-დან 63 წლამდე უნდა გაიზრდოს. ცვლილება ეტაპობრივად მოხდება, კაცებისთვის საპენსიო ასაკის ზრდა 2028 წელს, ხოლო ქალებისთვის კი 2034 წელს დასრულდება.

ივლისში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებულ გამოსვლებზე რეფორმის გასაპროტესტებლად ათობით ქალაქში 3,000-მდე ადამიანი გამოვიდა.

 

კომენტარები