საკრედიტო რეიტინგი

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB მინუსზე დატოვა

Reuters

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის ამსახველი ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. 

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელია და ის BB მინუსს შეადგენს, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა კი "პოზიტიურია". Fitch-ის შეფასებით, 2019-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოდ 4.8%-ია, რაც "BB"კატეგორიის ქვეყნების საშუალო 3.5%-იან ზრდაზე მაღალია. BB მინუსის საკრედიტო რეიტინგი საქართველომ 2011 წელს მიიღო, მას შემდეგ სარეიტინგო პოზიცია უცვლელია. 

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB მინუსი განვითარებადი, საშუალოშემოსავლიანი ქვეყნისთვის დამახასიათებელი დაბალი რეიტინგია. Fitch-ის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლის მიზეზი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში არსებული მაღალი დეფიციტია. 

Fitch-ის შეფასებით, საქართველოში არსებული ეკონომიკურიმდგომარეობის და პერსპექტივების, მიმდინარე რეფორმების ფონზე საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული საგარეო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი გაიუმჯობესოს საკრედიტო რეიტინგი 1 საფეხურით და გადავიდეს BB კატეგორიის მქონე ქვეყნების სიაში. 

ერთადერთი სარეიტინგო კომპანია, რომელმაც საქართველოს რეიტინგი გააუმჯობესა Moody's-ია. სააგენტომ საქართველოს რეიტინგი Ba 3-დან Ba 2-მდე გაზარდა. Moody's სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველომ კარგად გაართვა თავი 2014 წელს რეგიონის მასშტაბით წარმოშობილ ეკონომიკურ შოკს, რის ფონზეც გამოჩნდა, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს საფინანსო ინსტიტუტებს კრიზისების ჯანსაღად გამკლავება შეუძლიათ.

Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის სკალა (ამ რეიტინგის მფლობელი ქვეყნების მითითებით)

  • AAA აშშ, დანია, სინგაპური, გერმანია და სხვები
  • AA+ ავსტრია, ფინეთი, ჰონგ-კონგი და სხვები
  • AA საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და სხვები
  • AA- მხოლოდ სამხრეთ კორეა
  • A+ ჩილე, ჩინეთი, ისრაელი და სხვები
  • A ირლანდია, იაპონია, გაერთიანებული საემიროები
  • A- ლატვია, ლიტვა, პოლონეთი 
  • BBB+ იტალია, მექსიკა, პერუ და სხვები
  • BBB ყაზახეთი, პანამა, ბაჰრეინი
  • BBB- აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ინდოეთი და სხვები
  • BB+ პორტუგალია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა და სხვები
  • BB მხოლოდ ბრაზილია და ხორვატია
  • BB- აქ არის საქართველო, გაბონი, ნიგერია და სხვები
  • B+ განა, მონღოლეთი, ვიეტნამი და სხვები
  • B ეკვადორი, კამერუნი და სხვები
  • B- იამაიკა 
  • CCC ვენესუელა
  • DD
  • D

 

კომენტარები