საკრედიტო რეიტინგი

Fitch Ratings: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა პოზიტიურია, თუმცა ჩნდება გაურკვევლობები

5 ოქტომბერს, სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სპეციალური პრეს-რელიზით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ინსტიტუტებზე, თუმცა ამავე დროს შესაძლოა მისი ნაწილობრივ ნიველირება მოხდეს პოლიტიკაში გაურკვევლობის ზრდის გამო.
სარეიტინგო კომპანიამ 2011 წელს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB- სტაბილურამდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი სამი საფეხურით ჩამოუვარდება ე.წ. საინვესტიციო დონის რეიტინგს.  
Fitch Ratings-ის განაცხადებით, კოალიცია ქართული ოცნების მიერ გაკეთებული წინასაარჩევნო განცხადებები ”არ იძლევა იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკურ, საფინანსო ან დიპლომატიურ პოლიტიკაში რაიმე მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი”. 
მიუხედავად ამისა, Fitch Ratings-ი აცხადებს, რომ რიგი ფაქტორები შესაძლოა გაურკვევლობის გამომწვევ მიზეზად იქცეს. 
ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად, სარეიტინგო კომპანია პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის სამუშაო ურთიერთობაში არსებულ ნებისმიერ დაძაბულობას ასახელებს, რამაც შესაძლოა პოლიტიკაში გაურკვევლობა გაზარდოს.
გარმა ამისა, Fitch Ratings-ი  თავად კოალიციაზე და აცხადებს - ”თუ ქართული ოცნების შიგნით გაჩნდება უთანხმოებები, ამანაც შესაძლოა გაზარდოს გაურკვევლობა პოლიტიკაში“.
„ამრიგად, სანამ დეტალური პოლიტიკა შემუშავდება ახალი მთავრობის დანიშვნის შემდეგ, ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ქართული ოცნების მთავრობა ჩამოშორდება ბოლო წლების იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ზრდის უზრუნველყოფას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წარმატებულ მოზიდვას. ამავე დროს, შესაძლოა მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის სარგებლის გადანაწილებაზე უმუშევრობის და სიღარიბის ჯერ კიდევ მაღალ დონესთან ბრძოლის მიზნით“, – ნათქვამია Fitch Ratings–ის განცხადებაში.

კომენტარები