საკრედიტო რეიტინგი

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB მინუსზე დატოვა

Reuters

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის ამსახველი ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელია და ის BB მინუსს შეადგენს, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა კი "სტაბილურია". 2014 წლამდე საქართველოს იგივე რეიტინგი ჰქონდა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურზე" ერთი საფეხურით მაღალი იყო და "პოზიტიურს" შეადგენდა.

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB მინუსი განვითარებადი, საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის დამახასიათებელი დაბალი რეიტინგია. Fitch-ის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლის მიზეზი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში არსებული მაღალი დეფიციტია. 

სარეიტინგო სააგენტო საქართველოში წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, - მსგავსი პროგნოზი აქვს Fitch-ს მომდევნო ორი წლისთვისაც. 

მიმდინარე წელს Fitch საქართველოში ინფლაციის მაჩვენებლის 5.6%-ზე შენარჩუნებას პროგნოზირებს. ინფალციის ზრდას სააგენტო გაზრდილ გადასახადს უკავშირებს. 2018 წელს სააგენტო სამომხმარებლო ფასების ინდექსის 3.5% -იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო 2019 წელს კი 3%-იანს. Fitch-ი საფინანსო სექტორის მთავარ სისუსტედ საგარეო ფინანსებს ასახელებს.

ერთადერთი სარეიტინგო კომპანია, რომელმაც საქართველოს რეიტინგი გააუმჯობესა Moody's-ია. სააგენტომ საქართველოს რეიტინგი Ba 3-დან Ba 2-მდე გაზარდა. Moody's სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველომ კარგად გაართვა თავი 2014 წელს რეგიონის მასშტაბით წარმოშობილ ეკონომიკურ შოკს, რის ფონზეც გამოჩნდა, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს საფინანსო ინსტიტუტებს კრიზისების ჯანსაღად გამკლავება შეუძლიათ.

Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის სკალა (ამ რეიტინგის მფლობელი ქვეყნების მითითებით)

  • AAA აშშ, დანია, სინგაპური, გერმანია და სხვები
  • AA+ ავსტრია, ფინეთი, ჰონგ-კონგი და სხვები
  • AA საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და სხვები
  • AA- მხოლოდ სამხრეთ კორეა
  • A+ ჩილე, ჩინეთი, ისრაელი და სხვები
  • A ირლანდია, იაპონია, გაერთიანებული საემიროები
  • A- ლატვია, ლიტვა, პოლონეთი 
  • BBB+ იტალია, მექსიკა, პერუ და სხვები
  • BBB ყაზახეთი, პანამა, ბაჰრეინი
  • BBB- აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ინდოეთი და სხვები
  • BB+ პორტუგალია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა და სხვები
  • BB მხოლოდ ბრაზილია და ხორვატია
  • BB- აქ არის საქართველო, გაბონი, ნიგერია და სხვები
  • B+ განა, მონღოლეთი, ვიეტნამი და სხვები
  • B ეკვადორი, კამერუნი და სხვები
  • B- იამაიკა 
  • CCC ვენესუელა
  • DD
  • D

კომენტარები