ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)

ცესკო: რამდენიმე საარჩევნო ოლქში მიუღებელი შინაარსის ზარი შევიდა

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში არაიდენტიფიცირებულმა პირებმა დარეკეს და კომისიის ხელმძღვანელებს უთხრეს, რომ ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონების ახალ გუბერნატორებთან.

ცესკო ასევე აცხადებს, რომ დარეკეს სახელისუფლებო პარტიის სახელითაც, "თითქოსდა საარჩევნო უბანში ასარჩევი პირების მათ მიერ გადაგზავნილი სიის დასადასტურებლად". 

კომისიის ცნობით, ამ შინაარსის სატელეფონო ზარები შევიდა გარდაბნის, მარნეულის, ზუგდიდის და თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში. მათივე განცხადებით, ეს მიუღებელი და შეუსაბამოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან.

"ცესკო არ გამორიცხავს ამგვარი ქმედებების გაგრძელებას, შესაძლო დამუშავებული ჩანაწერების გავრცელებას, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს. დაკომპლექტებულია პროფესიული კადრებით, ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონის მოთხოვნებით, მოქმედებს ამომრჩევლების ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი პროვოკაციული ქმედება ვერ შეუშლის ხელს ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები.

ცესკო მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, გააძლიერონ ძალისხმევა, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, უსაფრთხო და სანდო საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას", - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები