საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დააკავეს პირი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირს თანხის სანაცვლოდ ბინას დაჰპირდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირს დაუკავშირდა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 ათასი დოლარის სანაცვლოდ ბინას გადასცემდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მოიპოვა მისი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მაღალი რანგის სხვადასხვა თანამდებობის პირის დახმარებით, საკუთრებაში გადასცემდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ 4-ოთახიან ბინას", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული თანხის ნაწილის, 3 ათასი დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალად ედება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები