საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: 28 მეწარმე გადასახადებზე თავის არიდებას ქონების გასხვისებით ცდილობდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვისთვის 28 მეწარმე პასუხისგებაში მიეცა.

უწყებაში ამბობენ, რომ ბიუჯეტში თანხის გადახდის თავიდან აცილების მიზნით, ისინი ქონებას ახლობლების სახელზე რეგისტრირებულ საწარმოებზე ასხვისებდნენ, შედეგად კი გადასახადების და ჯარიმების ამოღება ვერ ხდებოდა.

"გამოძიების პროცესში მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით თანხები, საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების გზით, სისტემატურად ახორციელებდნენ მათზე რიცხული ქონების ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელზე ფიქტიურად რეგისტრირებულ საწარმოებზე გასხვისებას. აღნიშნული ქმედების შედეგად, საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას", - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, 28 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლით მიეცა, რაც მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვას გულისხმობს.

კომენტარები