Human Right Watch-ის ანგარიში

Human Rights Watch: რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს

საქართველოში ნარკოდამოკიდებულებას, მის მკაცრ აღსრულებას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რუმსში” ჩატარდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არალეგალური ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით და ზედმეტად მძიმე ჯარიმების დაკისრებით მთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისთვის არაფერი დაუშავებია და მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

67-გვერდიან ანგარიშში – „სამაგალითო დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“ – აღწერილია ზედმეტად მკაცრი ნარკოკანონმდებლობის და პრაქტიკის გავლენა ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებსა და მათ ოჯახებზე.

Human Rights Watch-ის ანგარიშში დეტალურადაა შესწავლილი თვითნებური სავალდებულო ნარკოტესტირების პრაქტიკა, იძულებითი საპროცესო შეთანხმებები და დამატებითი, ავტომატურად გამოყენებული სასჯელები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ან მთელი რიგი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების აკრძალვა, რაც ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის მოპოვების შესაძლებლობას უზღუდავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ლიბერალიზაციისაკენ, Human Rights Watch-ის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა მაინც ზედმეტად მკაცრია.

„ეს არ არის მოწოდება ლეგალიზაციისკენ, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით ფლობა შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარჩეს, რითვისაც სანქციის სახით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს ჯარიმა. ხელისუფლების მხრიდან მეტი ფოკუსირება უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიან ღონისძიებებზე, რომლებიც ნარკოდამოკიდებულების პრევენციასა და დაძლევაზე და თანდმევი ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული“, - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად პოლიცია თვითნებურად აკავებს ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოლოგიური ტესტირების ჩატარების მიზნით, თუმცა საშუალოდ, ტესტირებების მხოლოდ 30% აჩვენებს დადებით შედეგს. 

ერთ-ერთ საქმეში, რომელიც Human Rights Watch-მა შეისწავლა, ოჯახმა ბინა დაკარგა, რათა ნარკოდანაშაულისთვის დაწესებული ჯარიმა გადაეხადა.

Human Rights Watch-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მისი მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია უნდა მოახდინოს. ეს ნიშნავს ამ ქმედებებზე ყველა სისხლისსამართლებრივი სასჯელის გაუქმებას.

საქართველოში მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ან მოხმარების პირველადი ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები