Human Right Watch-ის ანგარიში

HRW: ენმ-ის წევრთა მიმართ გამოძიება პოლიტიკურ დევნაზე კითხვებს აჩენდა

უფლებადაცვითმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ანგარიში, სადაც ვრცლად არის საუბარი 2015 წელს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე. ანგარიშში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოსაც. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ არამდგრადი იყო, "ყოფილი თანამდებობის პირების სავარაუდო სამართალდარღვევათა გამოძიება კი, კითხვებს აჩენდა - გამოძიება საქმეების შინაარსიდან გამომდინარეობდა, თუ შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წარმოადგენდა".

ანგარიშში წერია, რომ კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს ყოფილი მთავრობის თანამდებობის პირების წინააღმდეგ ათობით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას.

"ხელისუფლებამ ეს საქმეები იმ ათასობით საჩივრიდან შეარჩია, რომლებიც მოქალაქეებმა შეიტანეს 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ენმ-ის წევრებისა და მომხრეების მტკიცებით, ეს სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, ვინაიდან გამოსაძიებელი საქმეები მკაფიო კრიტერიუმების გარეშე შეირჩა, ხოლო სამართლებრივი დევნის ძირითად სამიზნეს ენმ-ის წევრები წარმოადგენენ", - ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი გიგი უგულავას საქმეზეც წერს და აღნიშნავს, რომ სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

"მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ უგულავას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ცალკე საქმეზე, რომელიც ფულის გათეთრებას ეხებოდა. უგულავას დამნაშავედ ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მეორე დღეს მოხდა. უგულავას 14-თვიანი წინასწარი პატიმრობა საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობისთვის კონსტიტუციით დადგენილი 9-თვიანი ვადის დარღვევად მიიჩნია", - წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თავისუფალი ზონის სამ აქტივისტს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ქართული ოცნების დეპუტატთან დაპირისპირების გამო.

"საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას „დაუსაბუთებელი" უწოდა და სასამართლო შერჩევით სამართალში დაადანაშაულა. ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს საქმეებში სასამართლოებს არ გამოუყენებიათ წინასწარი პატიმრობა ხელისუფლების იმ მომხრეების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ოპოზიციური ენმ-ის პარლამენტარებზე ძალადობრივ თავდასხმებში", - წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

კომენტარები