Human Right Watch-ის ანგარიში

HRW: 17 მაისის დარბევის და საბი ბერიანის საქმებზე ბრალდებულები გაამართლეს

უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშში ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულთა გამამართლებელი განაჩენებიც მოხვდა. კერძოდ, 17 მაისის საქმე და საბი ბერიანის მკვლელობის საქმე.

Human Rights Watch-ი წერს, რომ 2015 წლის ოქტომბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ქართველ მართლმადიდებელ მღვდელსა და კიდევ სამ ადამიანს, რომელთაც თბილისში 2013 წლის მაისში ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩაშლა ედებოდათ ბრალად. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად "გონივრული ეჭვის მიღმა ბრალდებულთა დანაშაულის დასამტკიცებლად არასაკმარისი მტკიცებულება" დაასახელა.

"2013 წელს, ათასობით კონტრდემონსტრანტმა, რომელთა შორის რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელი იყო, სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია. პოლიციამ აქციის მონაწილეები, მართალია, გაიყვანა სამშვიდობოს, მაგრამ ვერ შეძლო ბრბოს შეჩერება, რომელიც ქვებს და სხვა საგნებს უშენდა მიკროავტობუსს, რომლითაც მონაწილეები გაჰყავდა", - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება ტრანსგენდერი ქალის საბი ბერიანის მკვლელობას, Human Rights Watch-ი წერს, რომ აგვისტოში, სასამართლომ ბრალდებულს განზრახ მკვლელობის ჩადენის ბრალდება მოუხსნა.

"სასამართლომ ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ძალადობისა და ქონების განზრახ დაზიანებისთვის [საბი ბერიანის ბინისთვის ცეცხლის წაკიდება]. უფლებადამცველმა ჯგუფებმა თხოვნით მიმართეს პროკურატურას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, როგორც დამამძიმებელი გარემოება", - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები