ასტრონომია

ასტრონომებმა ჩვენი მზის სისტემის მახლობლად გიგანტური "მაწანწალა" პლანეტა აღმოაჩინეს

www.astronomy.com

ასტრონომებმა რადიოტელესკოპით გამოყენებით იუპეტერზე დაახლოებით 12-ჯერ დიდი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი მზის სისტემის მახლობლად, მასპინძელი ვარსკვლავის და ორბიტის გარეშე მოძრაობს. 

The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 200 მილიონი წლის, კოსმოსში თავისუფლად მოტივტივე ობიექტი დედამიწისგან მხოლოდ 20 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. მისი ზედაპირის ტემპერატურა 815 გრადუსი ცელსიუსია. მისი სრული სახელია SIMP J01365663+0933473.

ასტრონომების მტკიცებით, პლანეტის მაგნიტური ველი 200-ჯერ აღემატება იუპიტერისას, რომელიც თავის მხრივ დედამიწის მაგნიტურ ველზე 14-54-ჯერ უფრო ძლიერია. არ არის ნათელი თუ როგორ ინარჩუნებს ობიექტი ამ სიძლიერის მაგნიტურ ველს. 

ჩვენი პლანეტის მსგავსად, SIMP-ზე ჩრდილოეთის ციალის ფენომენი გვხვდება. დედამიწაზე, პოლარული ციალი მზის ქარის დამუხტული ნაწილაკების და პლანეტის მაგნიტური ველის ურთიერთქმედების შედეგად ჩნდება.ამიტომაც უცნაურია პოლარული ციალის არსებობა SIMP-ზე, რომელსაც მზე არ აქვს. ასტრონომების ვარაუდით, ამ უცნაურ ობიექტზე პოლარულ ციალი შესაძლოა პლანეტის თანამგზავრის ან სხვა პლანეტის მიერ იყოს გამოწვეული.  

ახალაღმოჩენილი ობიექტი მეცნიერებს თავდაპირველად ყავისფერი ჯუჯა ეგონათ. ყავისფერი ჯუჯა ციური სხეულია, რომლის მასაც ყველაზე მძიმე პლანეტასა და ყველაზე მსუბუქ ვარსკვლავს შორისაა. არასაკმარისი მასის გამო ყავისფერ ჯუჯებზე არ მიმდინარეობს თერმობირთვული სინთეზის რეაქციები. თუმცა, მომდევნო კვლევებმა დაადგინა, რომ SIMP-ი პლანეტასა და ყავისფერ ჯუჯას შორის ზღვარზე იმყოფება. მისმა შესწავლამ შესაძლოა ნათელი მოჰფინოს მაგნიტურ პროცესებს როგორც პლანეტებზე, ასევე ვარსკვლავებზე. 

კომენტარები