მინდელის შახტი

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დახურულია, მუშები ხელფასს მაინც მიიღებენ

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავკეტოთ შახტები მანამ, ვიდრე არ მოხდება ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების სრული ანალიზი, მათ შორის არ დაიდება გამოძიების შედეგები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგები, როგორც სისხლის სამართლის, ასევე ტექნიკურ-საინჟინრო თვალსაზრისით, რათა ზუსტად იყოს ცნობილი, რა არის გასაკეთებელი მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. ამასთან ერთად, მე განვაცხადე, რომ შესაბამისი პროფილის სამინისტროებს კომპანიასთან ექნებათ კომუნიკაცია, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც შახტები იქნება დახურული, იქ მომუშავე ჩვენმა ადგილობრივმა მოქალაქეებმა მიიღონ შესაბამისი სახელფასო ანაზღაურება“, - აღნიშნა პრემიერმა.

16 ივლისს გამთენიისას ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. ტყიბულის შახტში ანალოგიური მიზეზით, კედლების დეფორმაციის და შემდეგ მათი ჩამოშლის გამო 6 ადამიანი აპრილშიც დაიღუპა. 

ივლისში მომხდარი შემთხვევის შემდეგ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებამდე შახტა დახურულიყო. 

ტყიბულის მაღაროების მფლობელმა კომპანიამ საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა (GIG) მთავრობას შესთავაზა, რომ ბიზნესს უსასყიდლოდ გადასცემდნენ, თუმცა პრემიერმა თქვა, რომ "შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის".

 

კომენტარები