სამაშველო ოპერაცია ტაილანდში

გადარჩენის შემდეგ, ტაილანდელი ბავშვები და მწვრთნელი პრესასთან პირველად გამოჩნდნენ

ტაილანდელი ბავშვები და მათი მწვრთნელი მაღაროდან გამოსვლის შემდეგ პრესასთან პირველად გამოჩნდნენ. მათ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. 

მწვრთნელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მღვიმეში შესვლის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. გამოსვლას ეცადნენ, თუმცა წყლის დონის აწევის გამო ვერ შეძლეს. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბავშვებმა ცურვა არ იციან, მწვრთნელმა სიცრუე უწოდა. მისი თქმით, ბავშვები ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე წუთი, ყოველთვის ცურავენ. 

ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა, რომ საჭმელ-სასმელი არ ჰქონდათ და კლდიდან ჩამოსულ წყალს სვამდნენ. 

ბავშვები ამბობენ, რომ მომავალში უფრო ყურადღებით იქნებიან და მეტად გაუფრთხილდებიან სიცოცხლეს. 

ჟურნალისტმა ბიჭებს სამომავლო გეგმებსა და ოცნებებზე ჰკითხა. რამდენიმემ თქვა, რომ ფეხბურთელობა სურს. ბიჭების ნაწილი კი ამბობს, რომ ფეხბურთელობა გადაიფიქრა და უკვე საზღვაო ქვეითობას გეგმავს. ამ პასუხს დარბაზში აპლოდისმენტები მოყვა.

მოზარდებმა დაღუპული მყვინთავიც გაიხსენეს. მათ სამან გუნანის ნახატზე წარწერები დატოვეს, სურათს კი  სამახსოვროდ გარდაცვლილი მყვინთავის ოჯახს გადასცემენ. 

ტაილანდელი ბავშვები, მათ მწვრთნელთან ერთად, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. 

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში დახლოებით ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

23 ივნისს ტაილანდური საფეხბურთო გუნდის 12 ფეხბურთელი, მწვრთნელთან ერთად, ვარჯიშის შემდეგ, მღვიმეში შევიდა. ისინი ერთ-ერთი თანაგუნდელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ

სეზონისთვის დამახასიათებელმა წვიმამ მღვიმე დატბორა და მათ 4 კილომეტრის სიღრმეში შესვლა მოუწიათ. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან, გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებოდათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებდა. 

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობდა. სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობდა.

კომენტარები