სამაშველო ოპერაცია ტაილანდში

გადარჩენილი ტაილანდელი ბიჭები პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებენ (ვიდეო)

ტაილანდში გადარჩენილმა ბიჭებმა პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ვიდეომიმართვაში ბიჭები ამბობენ, რომ ახლა თავს კარგად გრძნობენ.

ისინი მადლობას უხდიან ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, ასევე მადლობას უხდიან მხარდამჭერებს მთელს მსოფლიოში.

ვიდეოდან ირკვევა, რომ მათ ტაილანდური საკვები, ბურგერები და შემწვარი ხორცი ენატრებათ, თუმცა ისინი ჯერ მკაცრ დიეტაზე არიან. 

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში დახლოებით ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

23 ივნისს ტაილანდური საფეხბურთო გუნდის 12 ფეხბურთელი, მწვრთნელთან ერთად, ვარჯიშის შემდეგ, მღვიმეში შევიდა. ისინი ერთ-ერთი თანაგუნდელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ

სეზონისთვის დამახასიათებელმა წვიმამ მღვიმე დატბორა და მათ 4 კილომეტრის სიღრმეში შესვლა მოუწიათ. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან, გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებოდათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებდა. 

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობდა. სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობდა.

ექიმები აცხადებენ, რომ თორმეტივე ბავშვის და მათი 25 წლის მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თითოეულმა მათგანმა გამოქვაბულში 10 დღე შიმშილისაგან ორი კილოგრამი დაიკლო. მხოლოდ ერთ ბავშვს აღმოაჩნდა ფილტვების ანთება. 

კომენტარები