საპრეზიდენტო არჩევნები

კობახიძე: გვყავს კანდიდატები, ვინც პირველივე ტურში მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება.

„ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსკენ გვექნება კონსულტაციები, როგორც პოლიტსაბჭოს ფორმატში, ასევე, უმრავლესობის ფორმატში. სავარაუდოდ, ეს იქნება ივლისის ბოლო კვირა და იქ უკვე ალბათ გაცხადდება ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. იყო დასახელებული სხვადასხვა კანდიდატი. ჩვენ პოლიტიკურ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში ამ არჩევნების მოგება,თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე და ამ კონსულტაციებით გაირკვევა ის, თუ როგორ წარვდგებით ჩვენ საპრეზიდენტოარჩევნებში”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, კობახიძის თქმით, კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი გუნდში გამართული დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

“ჩვენ ამ ეტაპზე არ გვქონია, დეტალური, ასე ვთქვათ, მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერ უნდა დაველოდოთ გუნდში მსჯელობას, დისკუსიას, განხილვასდა ამის შემდეგ შეგვეძლება რაიმე კომენტარის გაკეთება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა ჩამოვიყალიბოთ ჯერ პოზიცია იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ წარვდგებით საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი კონკრეტულ კანდიდატზე”,- ამბობს კობახიძე. 

 

კომენტარები