შსს: დავადგინეთ მსხვერპლები, რომლებიც დევდარიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ადასტურებენ

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ ადევნების მუხლით გამოძიება გრძელდება, რომლის ფარგლებში 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციითვე, დღეის მდგომარეობით გამოკითხულია 21 პირი. 

"მოწმეთა გარკვეულმა ნაწილმა გამოკითხვაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, ეს ადამიანები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა, რომლებშიც არ ვგულისხმობ მსხვერპლებს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები, რომლებიც მედიაში ზვიად დევდარიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ადასტურებენ. ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება, ახლაც იკითხებიან, გამოძახებული არიან გამოკითხვაზე ცალკეული მოწმეები და გაგრძელდება იმ პირთა გამოკითხვაც, რომლები ზვიად დევდარიანმა დაასახელა, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ CiDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზვიად დევდარიანმა 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. მათ შორის იყო ტაბულაც, თუმცა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დევდარიანს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა, განახლებულ სარჩელში ტაბულა აღარ არის. მოპასუხეებად კვლავ რჩებიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.

კომენტარები