ალ-შაბაბი

სომალიში ტერორისტულმა დაჯგუფებამ პოლიეთილენის პარკების გამოყენება აკრძალა

Reuters

სომალურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ალ-შაბაბმა, რომელიც ალ-კაიდასთან არის დაკავშირებული, პოლიეთილენის პარკების გამოყენება აკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაცია დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა მედიამ საკუთარ ვებ-გვერდზე და სოციალურ მედიაში გაავრცელა. მიზეზად დაჯგუფება იმას ასახელებს, რომ პოლიეთილენის პარკები გარემოსათვის ცუდია და ადამიანებისა და პირუტყვისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

დაჯგუფებამ ასევე იშვიათი ჯიშის ხეების მოჭრაც აკრძალა. უცნობია რა სასჯელი წესდება აკრძალვის დარღვევისათვის და როგორ მოიყვანენ მას სისრულეში.

ალ-შაბაბი 2011 წელს სომალის დედაქალაქ მოგადიშუდან განდევნეს, თუმცა ის კვლავ აქტიურია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში და ტერორისტულ თავდასხმებს მეზობელ კენიაშიც ახორციელებს.

2016 წელს ალ-კაიდას იემენურმა ფრთამ ბარაკ ობამა გააკრიტიკა. მათი თქმით აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საკმარის ნაბიჯებს არ დგამდა.

2017 წელს თალიბანის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ავღანეთში მეტი ხე უნდა დარგონ, რადგან სურთი საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში.

კომენტარები