დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა

სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 4 ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

სასამართლომ, პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ სცნო.

"სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობისპერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების - ი.ჭ-ს, თ.გ-ს, ლ.კ-ს და გ.გ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ მოპყრობას, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. კერძოდ, ზუგდიდის N4 დაწესებულებაში შესახლებისას ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. პატიმრებს ასევე უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე.

სასამართლო განხილვისას დაიკითხა 70-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ი.ჭ., თ.გ., ლ.კ., და გ.გ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თითოეულს 4 წლით და 8 თვითთავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ ერთი მეოთხედით და საბოლოოდ თითოეულს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება" - ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები