Wizz Air

საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

wizzair

ავიაკომპანია Wizz air რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

აეროპორტების გართიანების ინფორმაციით, პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 16:30 წუთზე დაეშვება.

ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.

„ეს არის ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 1 აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „TAROM“ შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით“, - აღნიშნა ქეთევან ალექსიძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, რომ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე და 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის, ვენის მიმართულებით შესრულდება.

კომენტარები