მექსიკა

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატმა, ლოპეს ობრადორმა გაიმარჯვა

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი
AFP

გუშინ მექსიკაში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები გაიმართა. 88 მილიონმა მექსიკელმა პრეზიდენტი, პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის წევრები, ზოგიერთ შტატსა და ქალაქში კი, მათ შორის დედაქალქ მეხიკოში გუბერნატორები და მერები აირჩია.

ამ დროისათვის დათვლილი ხმებით პრეზიდენტობის მემარცხენე კანდიდატი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ლიდერობს. მეხიკოს ყოფილმა მერმა ხმათა 53% დააგროვა.

64 წლის ობრადორის მთავარ დაპირებას კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს. ის ასევე გამოირჩეოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის კრიტიკითაც.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას გამარჯვება Twitter-ზე მიულოცა:

"ვულოცავ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს მექსიკის პრეზიდენტად გახდომას. მოველი მასთან მუშაობას. ბევრი უნდა გაკეთდეს აშშ-სა და მესქიკის სასარგებლოდ!"

მექსიკის პრეზიდენტს 6-წლიანი ვადით 1929 წლიდან მოყოლებული ირჩევენ, თუმცა ამ დრომდე პოსტს მხოლოდ ორი მთავარი პარტიის, ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის და მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტიის წარმომადგენლები იკავებდნენ.

ლოპეს ობრადორი პოლიტიკურ კოალიცია "ერთად შევქმნით ისტორიას" წარმოადგენს. კოალიციაში შედიან მემარცხენე ლეიბორისტული პარტია, მემარცხენე "ეროვნული აღდგენის მოძრაობა" და კონსერვატიული "სოციალური შეხვედრის პარტია."

მის გარდა პრეზიდენტის პოსტზე კენჭს კიდევ სამი კანდიდატი იყრიდა:

მმართველი ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის წარმომადგენელი ხოსე ანტონიო მეადე, პარტია ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი კონსერვატორი რიკარდო ანაია და დამოუკიდებელი კანდიდატი ხაიმე როდრიგესი.

ანაიამ ხმათა 22,9% დააგროვა, ხოლო მეადემ 15,1%.

საპრეზიდენტო არჩევნებში მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის, ფილიპე კალდერონის მეუღლე, მარგარიტა ზავალა დე კალდერონიც მონაწილეობდა, თუმცა საკუთარი კანდიდატურა მაისში მოხსნა.

წინასაარჩევნო პერიოდში მექსიკაში სისხლიანი დაპირისპირებები გახშირდა. ოფიციალური მონაცემებით 2017 მექსიკაში 25,000 ადამიანი მოკლეს. სექტემბერში წინასაარჩევნო რეგისტრაციის დაწყების შემდეგ 28 ივნისის ჩათვლით კი 133 პოლიტიკოსი მოკლეს. მოკლულთა უმეტესობა ადგილობრივ არჩევნებში იყრიდა კენჭს.

 

კომენტარები