ქუთაისის აეროპორტი

"თვითმფრინავი მწყობრშია" - რეისი დორტმუნდის მიმართულებით 12:00-ზე შესრულდება

wizzair

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია ვიზეარის კუთვნილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართელით 12:00 საათზე გაფრინდება. მგზავრებს ამის შესახებ აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა. 

როგორც აეროპორტში ავიაკომპანია ვიზეარზე დაყრდნობით აცხადებენ, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა. ავიაკომპანიის ინჟინრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის თვითმფრინავი მწყობრშია და რეისს შეასრულებს.

რაც შეეხება თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩენილ კვამლს, აეროპორტების გაერთიანების წინასწარი ინფორმაციით, ის ძლიერმა დამუხრუჭებამ გამოიწვია.

"თვითმფრინავი იმყოფებოდა ასაფრენ რეჟიმში, სიჩქარე საჰაერო ხომალდს უკვე აკრეფილი ჰქონდა. რა დროსაც, სიჩქარის ერთ-ერთმა მაჩვენებელმა, მოგეხსენებათ, თვითმფრინავს სიჩქარის რამდენიმე მაჩვენებელი გააჩნია, არასწორი მონაცემები დააფიქსირა. ეკიპაჟმა იმ წუთსავე მიიღო ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მკვეთრად დაამუხრუჭა. დამუხრუჭებამ გამოიწვია კვამლი. ეს ინფორმაცია შემოწმების შედეგად ვიზეარის ინჟინრებმა მოგვაწოდეს" - განაცხადა ქუთაისის აეროპორტის მენეჯერმა ედუარდ მნაცაკანიანმა.

თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, დღეს დილით ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

კომენტარები