ოჯახში ძალადობა

ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც ცრუ დასმენას ედავებიან, 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც ქმრის მიმართ ძალადობას და ცრუ დასმენას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე 2000-ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე - ქალის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ ქმარზე ძალადობისა და ცრუ დასმენისთვის თამარ ბეკარაშვილის ბრალი გუშინ წარუდგინა. პროკურატურამდე, ამბავი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჯაროვა. მათი განცხადებით, უწყებამ ბრალი წარუდგინა ქალს, რომელმაც პოლიციას ოჯახში ძალადობისაგან დასაცავად მიმართა. ადვოკატის ინფორმაციით, ბეკარაშვილს ყოფილი ქმრისგან შემაკავებელი ორდერი იცავს.

დაცვის მხარის (საია) პოზიცია 

თამარ ბეკარაშვილმა პოლიციას 2018 წლის თებერვალში აცნობა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე და მის დედაზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიების საწყის ეტაპზე ქმარი დააკავეს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 2018 წლის ივნისში კი, პროკურატურამის დაზარალებულად ცნო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს გამოძიება ქმარზე ძალადობასა და ცრუ დასმენას ედავება.

"პროკურატურა მსხვერპლი ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებულ მოწმეებს და არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ თამარ ბეკარაშვილი არის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ამავე ფაქტზე თამარ ბეკარაშვილი ცნობილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად", - აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა არის დაუსაბუთებელი, კანონთან შეუსაბამო და იწვევს მსხვერპლის ხელახალ ვიქტიმიზაციას.

"ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის შეეთავაზებინა დაცვის ეფექტური მექანიზმები, რეპრესიული ღონისძიებები გამოიყენა რეალური მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული მიდგომა არსებითად ლახავს არა მხოლოდ თამარ ბეკარაშვილის ინტერესებს, არამედ მსგავსი პრაქტიკა უარყოფითად აისახება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მსხვერპლ ქალებს გაუღრმავებს დაუცველობის განცდას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

რას ამტკიცებს პროკურატურა

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ.ბ დედამისთან - ლ.ხ.-სთან ერთად, ქ.თბილისში, ყოფილი მეუღლის, ნ.ყ.-ს  საცხოვრებელ სახლთან შვილის წასაყვანად მივიდა. ვინაიდან ბავშვს წასვლა არ უნდოდა და ტირილი დაიწყო, ნ.ყ.-ს საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან თ.ბ.-სთან შელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც თ.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ნ.ყ-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, შემდეგ კი ფრჩხილებით მიაყენა დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

ნ.ყ. შემდგომი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით სახლში შევიდა და კარები დაკეტა. მომხდარით განაწყენებულმა თ.ბ.-მ ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით პოლიციაში დარეკა და  ცრუ დასმენა განახორციელა, თითქოს მას  ყოფილმა მეუღლემ სცემა. მან ასევე ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს ნ.ყ.-ზე მიუთითა, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, რა დროსაც ნ.ყ. ადგილზე იქნა დაკავებული." - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

პროკურატურისვე ცნობით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით ნ.ყ.-ს ბრალეულობა არ დადასტურდა. ის გაათავისუფლეს.

თამარ ბეკარაშვილს ბრალდება წარდეგინა 373-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის შესახებ ნ.ყ.-ს ცრუ დასმენა) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით). ბრალდება სასჯელის სახედ ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალი დასტურდება მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულისა და სხვა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით.

კომენტარები