აიისა

"აიისას" დამფუძნებელი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა

სოფო აფციაური / ქალები საქართველოდან

"აიისას" დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება 17 მაისის შემთხვევას, როცა ის ხულიგნობის მუხლით დააკავეს. ანანია გაჩეჩილაძის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ჰაერში ფერადი, გაბერილი პრეზერვატივების გაშვებას აპირებდა. ამას ადასტურებდა შინაგან საქმეთა სამინისტროც, თუმცა აღმოჩნდა, რომ დღევანდელ პროცესზე უწყების წარმომადგენელმა დაკავების მიზეზად "უმისამართო გინება" დაასახელა.

სასამართლო მხოლოდ პოლიციის წარმომადგენლის ჩვენებას დაეყრდნო და ანანია გაჩეჩილაძე დააჯარიმა.

"ჩვენი შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ პოლიციის წარმომადგენელმა ამბის სრულიად განსხვავებული ვერსია მოყვა. მან თქვა, რომ არ უნახავს პრეზერვატივები და ანანია დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ იდგა ქუჩაში და უმისამართოდ იგინებოდა", - აცხადებს ანანია გაჩეჩილაძის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

პრეზერვატივების ბრენდის, "აიისას" დამფუძნებელი პოლიციამ 17 მაისს ჯერ დააკავა, შემდეგ კი გაბერილი პრეზერვატივები დაუჩუტა. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. გაჩეჩილაძე განყოფილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს.

როგორც ის ტაბულასთან ყვება, კომპანია "აიისამ" გადაწყვიტა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტ ფერების, გაბერილი პრეზერვატივები რუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარედ ჰაერში გაეშვა. 69 ცალი, 130 ლარის ღირებულების სხვადასხვა ფერის გაბერილი პრეზერვატივი მას თაბუკაშვილის ქუჩაზე კურიერმა მიაწოდა, რომელსაც პოლიცია გამოჰყვა და კომპანიის დამფუძნებელი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.

"დიდი ხანია დაგეგმილი გვქონდა 17 მაისს ჰელიუმით გაბერილი პრეზერვატივების ჰაერში სადემონსტრაციოდ გაშვება. კურიერმა პრეზერვატივები მოიტანა თაბუკაშვილის ქუჩაზე. როგორც ჩანს, მანქანა შენიშნეს და ინფორმაცია პოლიციას გადასცეს. მე ვიდექი და ველოდებოდი კურიერს. მოვიდა პოლიციელი და მკითხა, ვინმე ხომ არ გინახავს, ვინც ბუშტებს ბერავსო. ვიხუმრე, რომ მეც ვბერავ ხოლმე ბუშტებს. დაბნეული იყო, არ უნდოდა სიტყვა პრეზერვატივის ხსენება სავარაუდოდ. მერე ვკითხე რა ხდებოდა, რამე საფრთხის შემცველი ხომ არ იყო, რადგან იქ მალევე 20-მდე პოლიციელი მოვიდა. ტაქსი როგორც კი მოვიდა, პოლიციას ვუთხარი, რომ პრეზერვატივები ჩემია. ჩანთა გამიხსნეს, რისი საფუძველიც არ ჰქონდათ. ფერადი ფხვნილები მქონდა და ამომაცალეს. მითხრეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხარო, გამიკვირდა. ჩამსვეს მანქანაში და მატარეს, ტელეფონი წამართვეს. შემდეგ, დაახლოებით 4-5 საათი განყოფილებაში ვიყავი. როგორც მიხვდი, ამის მიზანი ის იყო, რომ იქაურობისთვის გავერიდებინე", - ამბობს გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში, რომელიც პოლიციამ შეადგინა, დაკავების მიზეზად უმისამართო გინება ჩაწერეს, თუმცა არ შეუგინია.

ტაბულა დაუკავშირდა იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც გაბერილი ფერადი პრეზერვატივები თაბუკაშვილის ქუჩაზე მიიტანა. მისი თქმით, პოლიციამ ისინი იქვე დახეთქა და ნაგვის ურნაში ჩაყარა.

ანანია გაჩეჩილაძის ადვოკატის ინფორმაცით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პოლიციის წარმომადგენელმა დაკავების მიზეზად "უმისამართო გინება" დაასახელა და თქვა, რომ პრეზერვატივები არ დაუნახავს. შსს-ში კი 18 მაისს ადასტურებდნენ, რომ გაჩეჩილაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მოუწოდეს, რომ პრეზერვატივები ჰაერში არ გაეშვა.

"როცა ჰკითხეს რად გინდაო, უთხრა, რომ პარლამენტთან უნდა გავუშვაო. მოუწოდეს, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნული ქმედება პარლამენტის წინ დაიწყო ჩხუბი, ლანძღვა-გინება, არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, აგრძელებდა და ამის შემდეგ დააკავეს. მას ჩამოერთვა გაბერილი პრეზერვატივები", - აცხადებდა უწყება 18 მაისს.

აღსანიშნავია, რომ ანანია გაჩეჩილაძე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, მისი ძალაში დატოვების შემთხვევაში კი "აიისას" საქმესთან ერთად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

გარდა ამისა, გაჩეჩილაძემ პროკურატურას 130 ლარის ღირბულების დახეთქილი პრეზერვატივების გამო, ფინანსური ზიანის ანაზღაურებისთვის მიმართა. ადვოკატი ამბობს, რომ უწყებაში გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

კომენტარები