აიისა

"წითელი ფერი აღიქმება მეფის ფერად" - მერიის წარმომადგენელი "აიისას" საქმეზე

4 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვის გაყიდვიდან ამოღება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა. მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი "ქართული იდეის" მოთხოვნის საფუძველზე შეადგინა.

"აიისას" ინტერესებს სასამართლოში გიორგი მშვენიერაძე იცავდა. მან გაავრცელა ვიდეოჩანაწერი სასამართლო სხდომიდან, სადაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე წითელი ფერი "რელიგიური ტიპის დარღვევად შეგვიძლია განვიხილოთ". 

"ქრისტიანულ მიმდინარეობაში წითელი ფერი აღიქმება მეფის ფერად, თვითონ მეფე აღიქმება, რომ ეს არის მაცხოვარი უფალი იესო ქრისტე. სწორედ იესო ქრისტესგან ქრისტიანულ სახელმწიფოებში მეფეებმა მემკვიდრეობით მიიღეს მეფობა" - ამბობს მერიის წარმომადგენელი.

"აიისა" თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები