სამართალდამცავებმა 1956 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში მცხოვრები ბრალდებული იმყოფებოდა სტუმრად თანასოფლელ, 1940 წელს დაბადებულ პ.ც.-სთან, რომელთანაც სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი.ვ.-მ მასპინძელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა." - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





