სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

კომისიაზე დადასტურდა, რომ ხორავაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა - ბრალდებული არ არსებობს

Mediamall.GE

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე დადასტურდა, რომ დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელმა და საქმის პროკურორმა დღეს ეს დაადასტურეს. დაჭრილია გ.მ.

გარდა ამისა, სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ ცნობილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა, თუმცა ის პასუხისგებაში მიცემული არ არის.

კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ თქვა, რომ საქმის მასალების მიხედვით, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებაში მონაწილეობდა დავით სარალიძის მეგობარი, დ.ღ. და მისი მონაწილეობა მეორე დღეს დაადასტურეს მისმა მეგობრებმაც. ცნობილია ისიც, რომ სწორედ ის ეხმარებოდა დაჭრილ სარალიძეს გადაადგილებაში.

გარდა ამისა, დაპირისპირების მონაწილე კიდევ ერთი პირი, მ.კ. ჩვენებაში ამბობს, რომ სწორედ დ.ღ.-მ დაჭრა მესამე პირი, გ.მ. საქმის მასალების მიხედვით, ის ასახელებს ბრალდებულის სახელსა და გვარს და ამბობს, რომ მისი ვინაობა იცის, რადგან 51-ე სკოლასთან გაეცნო სახელითა და გვარით.

ირაკლი აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა.

საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი აბესაძემ ასევე თქვა, რომ საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებამ 2 დეკემბერს უკვე იცოდა, რომ დ.ღ. დაპირისპირებაში მონაწილეობდა. ასევე, აბესაძის ინფორმაციით, შსს-ს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მასთან სახლში ინახებოდა დანაშაულის იარაღი - დანა, თუმცა ჩხრეკა არ ჩატარებულა.

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცავები მივიდნენ დ.ღ.-სთან სახლში, სადაც მშობლებს უთხრეს წარმოადგინონ შვილის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ან საქმისთვის საინტრესო სხვა ნივთი. ოქმის მიხედვით, დედამ ტანსაცმელი წარმოადგინა და ამის შემდეგ სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა.

ირაკლი აბესაძემ შსს-ს წარმომადგენელს ჰკითხა, დაინტერესდნენ თუ არა სახლში კომპიუტერის არსებობით, სადაც შესაძლოა ყოფილიყო საქმესთან დაკავშირებით მიმოწერა. კახა სირაძემ ამ კითხვას პასუხი არ გასცა და თქვა, რომ დეტალებზე გამომძიებელი ისაუბრებს.

მან დაადასტურა, რომ ინფორმაცია იარაღის სავარაუდო შენახვის შესახებ ჰქონდათ კიდევ სამ სხვა პირზე, რომელთა საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. კითხვაზე - რატომ არ გაჩხრიკეს დ.ღ.-ს ბინა, სირაძე პასუხობს:

"დეტალურად გამომძიებელს ეცოდინება, მან წარმოადგინა ეს შედეგი".

ჩხრეკასთან დაკავშირებულ კითხვაზე საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ ირაკლი აბესაძეს ასე უპასუხა:

"ჩხრეკა ჩატარდა, მაგრამ ოქმის მიხედვით არ არის ჩატარებული".

გარდა ამისა, ირაკლი აბესაძემ შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს ჰკითხა, რატომ არ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი დ.ღ.-ს მონაწილეობით, რაზეც უპასუხეს, რომ ექსპერიმენტში მხოლოდ ის პირები მონაწილეობდნენ, ვინც დანის დარტყმის ფაქტი დაინახა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ეხება დ.ღ.-ს გამოკითხვას. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ის შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ, 14 დეკემბერს გამოკითხეს. თუმცა, მოზარდის მამა თავის 3 და 5 დეკემბრის ჩვენებებში ამბობს, რომ მის შვილს არა პნევმატური, არამედ სათამაშო იარაღი ჰქონდა და ის დედასთან ერთად 1 დეკემბერს, ძველი თბილისის სამმართველოში გამოიკითხა.

აღსანიშნავია, რომ დ.ღ.-ს 1 დეკემბერს გამოკითხვის ოქმი საქმეში არ არის.

ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ 1 დეკემბერს არასრულწლოვანმა გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არანაირი საპროცესო დოკუმენტი შედგენილი არ არის. დეპუტატმა შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს ჰკითხა - „შესაძლებელია, რომ გამოვკითხეთ და დავხიეთ ოქმი?“.

"გამოძიებას თავისი მიმართულება ჰქონდა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას თავისი მიმართულება. მოცემული პირები შეიძლება გამოკითხეს კიდევაც, ეს ღამის საათები იქნებოდა. ოფიციალური არა, გასაუბრება შეიძლება მომხდარიყო კონკრეტულ პიროვნებებთან ერთად და ინფორმაციის აღება", - უპასუხა მას კახა სირაძემ.

საქმის პროკურორმა კი განმარტა, რომ მოწმესთან ოპერატიული მუშაობა და გამოკითხვა სხვადასხვა რამეა.

"შეიძლება იმ ადამიანმა ოქმში თქვა გამოკითხვა და არ მისცა ამას იურიდიული მნიშვნელობა. ოპერატიული მიზნებით მუშაობა სხვა რაღაცაა აბსოლუტურად", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ირაკლი აბესაძემ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე კონკრეტულად რა მიზნით და რა სტატუსით ჰყავდათ დ.ღ. პოლიციის განყოფილებაში 1 დეკემბერს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრილმა გ.მ.-მ სამართალდამცავებს მისი დაჭრის შესახებ 2 დეკემბერს უთხრა, თუმცა მის სხეულზე ექსპერტიზა 12 დეკემბერს ჩატარდა. შსს-ს წარმომადგენელმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ გ.მ. "იმ დღეებში ვერ გამოცხადდა" და "კანონიერი წარმომადგენლის წარმოდგენა გადაიდო".

გარდა ამისა, ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, რომ გ.მ.-ს 12 დეკემბერის ექსპერტიზის პასუხები 18 დეკემბერს მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ, 18 დეკემბერს გაგზავნეს ის კომპლექსურ სამედიცინო და ტრასოლოგიურ ექსპერტიზაზე, რომელსაც უნდა დაედგინა, რით მიიღო ჭრილობა.

დღესვე, ზვიად ფხაკაძემ თქვა, რომ გამოძიებას არ აქვს პასუხი, ვინ დაჭრა გ.მ. და შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს იყო დანა.

"გამოძიებით რაც იყო დადგენილი და რაც სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობაში ფიგურირებდა ორი დანა. რაც შეეხება გ.მ-ს დაზიანებას, რა ვითარებაში მოხდა, ვის მიერ, როგორ მოხდა, ამაზე ამომწურავი პასუხი გამოძიებას არ აქვს. მხოლოდ ერთ მტკიცებულებაში, ფარულ საგამოძიებო მოქმედებაშია საუბარი, როდესაც გ.ბ საუბრობს, რომ მწვანექურთუკიანს ეჭირა დანა და იქნევდა, დავით სარალიძის მიმართულებით, ასეა ფარულ ჩანაწერში. თუ დავუშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ დ.ღ-ს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ჰქონდა დანა და ამით დააზიანა გ.მ, ეს არის მხოლოდ ვერსია. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ გ.მ-ს დაზიანება მიყენებული აქვს დანით, ამის იმპერატიული მტკიცება შეუძლებელია. ეს არის სავარაუდო დანა", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გ.მ. სასულიერო პირის შვილია. მისი დაჭრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა რუსთავი 2-მა, სადაც საუბარია იმაზეც, რომ დაპირისპირების დროს თავად გ.მ.-მ ვერცხლისფერ საგანს უტყამდა დავით სარალიძეს.

კომენტარები