სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებმა საგამოძიებო კომისიას ჩვენება არ მისცეს

პარლამენტი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ჩვენება არ მისცეს.

გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდებულები ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს მისცემენ და ეს მათ კომისიის წევრებსაც მოახსენეს.

ამ პოზიციის გამოხატვის შემდეგ ბრალდებულების დაკითხვა არ მომხდარა.

„ჩვენს შემთხვევაში ბრალდებულმა კომისიის წინაშე დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული პირები უნდა დაიკითხონ მოწმის სახით. მათ დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ უნდათ მხოლოდ სასამართლოს მისცენ ჩვენება. აქედან გამომდინარე აღარ მოხდა სხვა კითხვების დასმა. შესაბამისად, შემოვიფარგლეთ ამ პოზიციის დაფიქსირებით. აღნიშნულის უფლება მას ჰქონდა. ეს არის დაცვის უფლება და შესაბამისად გამოიყენა", - თქვა მამულაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით. 

პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე 1-ლ დეკემბერს მომხდარ მკვლელობას შეისწავლის, 2 თვის წინ შეიქმნა. მის უმრავლესობას ევროპული საქართველოს წევრები შეადგენენ. 

კომისიამ უკვე გამოკითხა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. 

ასევე, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ დაღუპული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები და მოწმეები. 

კომენტარები