იტალია

სალვინი: მიზანი მიგრაციის პრობლემის გადაჭრაა და არა სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება

მატეო სალვინი
Reuters

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი და პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერი მატეო სალვინი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიცვას საკუთარი საზღვრები აფრიკიდან მომავალი მიგრანტებისაგან და აცხადებს, რომ იტალია ევროკავშირისადმი ფინანსურ ვალდებულებებს გადახედავს, თუ ისინი ქვეყანას მიგრაციის კრიზისის დაძლევაში არ დაეხმარებიან.

"ევროპაში ატმოსფერო იცვლება და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი... ჩვენ დარწმუნებულები ვართ ავსტრიის (ევროკავშირის) პრეზიდენტობაში და გვჯერა ევროპელი კოლეგების კეთილგონიერების, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ გვსურს ხელახალი მოლაპარაკებები იტალიის მიერ ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებით" - თქვა სალვინიმ ავსტრიის ვიცე-კანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახესთან შეხვედრისას.

"მიზანს გარე საზღვრების დაცვა წარმოადგენს, არა ევროპული ქვეყნებისათვის პრობლემის გაზიარება, არამედ მისი გადაჭრა სათავესთან... თუ ევროკავშირში ვინმეს ჰგონია, რომ იტალიამ უნდა გააგრძელოს ჩასვლის ადგილის და მიგრანტთა ბანაკის როლში ყოფნა, მათ საკითხი არასწორად ესმით." თქვა სალვინიმ.

გარდა ამისა, სალვინი პირობას დებს, რომ ქვეყნიდან გააძევებს ათასობით ბოშას, რომელთაც მოქალაქეობა არ აქვთ. სამთავრობო კოალიციაში "ჩრდილოეთის ლიგის" პარტნიორის, პარტია "5 ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერი ლუიჯი დი მაიო სალვინის ინიციატივებს მხარს უჭერს.

ის ასევე ემხრობა სალვინის პოზიციას, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიგრანტების გადასარჩენად მუშაობენ, იტალიის პორტებში არ უნდა შეუშვან.

"ჩვენ ვეხმარებით მიგრანტებს ჩვენი ფლოტის და სანაპირო დაცვის მეშვეობით. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვაგან უნდა წავიდნენ." თქვა დი მაიომ.

უახლოეს დღეებში სალვინი ლიბიას ეწვევა და ევროკავშირის საზღვრების დაცვის პროექტს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იტალიის მთავრობას და ლიბიის სანაპირო დაცვას შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც იტალია ლიბიელებს წვრთნის და არალეგალი მიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაში ეხმარება, რამაც 2017 წელს იტალიაში ჩასული არალეგალი მიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 34%-ით შეამცირა.

გასულ კვირას სალვინიმ გემს, რომელმაც 630 ადამიანი გადაარჩინა, იტალიური პორტებით სარგებლობაზე უარი უთხრა. სალვინიმ განაცხადა, რომ მიგრანტები მალტამ უნდა მიიღოს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია SOS Méditerranée-ს გემი Aquarius საბოლოოდ ვალენსიის პორტმა მიიღო.

კომენტარები