კანადა

კანადის პარლამენტმა მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

AFP

კანადის პარლამენტმა კანონი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიხუანის მოხმარებას ლეგალურს ხდის, 52 ხმით 29-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონი ასევე აკონტროლებს მარიხუანის მოყვანას და გაყიდვას.

კანადელებს მარიხუანის ლეგალურად მოხმარება სავარაუდოდ სექტემბრიდან შეეძლებათ. მათ ასევე შეეძლებათ მარიხუანის ონლაინ შეძენა ლიცენზირებული მწარმოებლებისაგან. ზრდასრულებს საჯარო სივრცეში 30 გრამამდე მარიხუანის ქონის უფლება ექნებათ. მინიმალური ლეგალური ასაკი მარიხუანის შეძენისა და მოხმარებისათვის 18 წლით, ხოლო ზოგიერთ პროვინციაში - 19 წლით განისაზღვრა.

ფედერალური მთავრობა მწარმოებლებს დაავალდებულებს პროდუქტზე ჯანმრთელობის რისკების შესახებ გაფრთხილება განათავსონ. შეზღუდვები დაწესდება პროდუქტის რეკლამის არასრულწლოვნებზე მიმართვაზე, სპონსორებზე, და რეკლამისათვის ცნობილი პირების, პერსონაჟების და ცხოველების გამოყენებაზე.

არალეგალური იქნება 30 გრამზე მეტი მარიხუანის ფლობა, სახლში 4-ზე მეტი ნერგის ქონა და არალიცენზირებული გამყიდველისაგან შეძენა. არასრულწლოვნისათვის მარიხუანის მიყიდვაზე 14 წლამდე პატიმრობაა განსაზღვრული.

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ აქამდე "მარიხუანა ბავშვებისათვის ზედმეტად მარტივად იყო ხელმისაწვდომი და კრიმინალები ამისაგან მოგებას ნახულობდნენ."

კანადაში მარიხუანის შენახვა 1923 წელს აიკრძალა, თუმცა 2001 წელს მისი სამედიცინო მიზნით მოხმარება დაუშვეს.

კომენტარები