სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს, გლდანის დასახლებაში, 1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ვ.ზ.-მ, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ს.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ს.მ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა 1982 წელს დაბადებული ლ.შ.-სთვის, რომელმაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართალდამცავებს არ შეატყობინა. აღნიშნული პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს შსს.





