ფინანსები

სებ-მა ბანკებს ლარში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-მდე შეუმცირა

ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კომერციულ ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოტხოვნა ლარში 7%-დან 5%-მდე შეუმცირა. ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯის შედეგად კომერციულ ბანკებს ლარის რესურსრის მოზიდვა გაუიაფდებათ. უცხოურ ვალუტაში კი სარეზერვო მოთხოვნა უცვლელია და 20%-ს შეადგენს.

"ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 7-დან 5 პროცენტამდე შემცირება,"- წერია სებ-ის განცხადებაში.

რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?

ეს არის ის ფული, რომელიც კომერციულმა ბანკებმა საბანკო ლიცენზიის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის ანგარიშებზე უნდა იქონიონ. თქვენ მიერ ბანკში შეტანილი ფულის გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში ინახება. კომერციულ ბანკს სებ-ის ანგარიშზე არსებული ფულის გასესხება არ შეუძლია, ამის საკომპენსაციოდ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით შენახულ ლარის რესურსზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტოლფას თანხას არიცხავს. ეს მაჩვენებელი დღეისთვის 7.25%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ ბანკს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით შენახული ფულის გასესხება შეეძლებოდა იმს ამაზე მაღალ შემოსავალს მიიღებდა, ეკონომიკას კი უფრო დიდი მოცულობით დააკრედიტებდა.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე შეუძლია გავლენა მოახდინოს. როდესაც სარეზერვო მოტხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავისმხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება, რაც სემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი იზრდება. 

ბოლოს როდის შეცვალა სებ-მა სარეზერვო მოთხოვნები?

ეროვნულმა ბანკმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები უკანასკნელად 2016 წლის 16 ივნისს შეცვალა. მაშინ 15%-დან 20%-მდე გაიზარდა უცხოური ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნა. ლარის რესურსზე კი მოთხოვნა 10%-დან 7%-მდე შემცირდა. მაშინაც ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი ლარით დაკრედიტების წახალისებისკენ იყო მიმართული. მის შედეგად დოლარის სესხებზე განაკვეთი უნდა გაზრდილიყო, ხოლო ლარზე კი გაიაფებილიყო, რაც პოტენციურად უფრო მეტი მომხმარებლისთვის ლარის სესხის მიმზიდველობის გაზრდას ისახავდა მიზნად. 

ეს ცვლილება დედოლარიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.

კომენტარები