ფინანსები

სესხებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე შემცირდა - რას გამოიწვევს ეს ცვლილება?

ტაბულა

2018 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში აიკრძალა ისეთი სესხის გაცემა, რომლის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც 50%-ზე მაღალია. ცვლილება სამოქალაქო კოდექსში მამუკა ბახტაძის ინიციატივით შევიდა. 

რას შეცვლის განაკვეთის 50%-მდე შემცირება:

ბაზარზე პრაქტიკულად ერთადერთი პროდუქტი, რომლის საპროცენტო განაკვეთიც დაახლოებით 100%-ია არის ონლაინსესხი. თითქმის ყველა ონლაინ გამსესხებლის განაკვეთი 80-95%-ის ფარგლებში მერყეობს. 

ონლაინსესხები ეგრეთ წოდებული ხელფასის დღის სესხებია (Payday loan), ამ ტიპის სესხები, როგორც წესი, ხანმოკლე და მცირე ზომისაა. ონლაინსესხები რისკიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მოქალაქეებმა აღებული კრედიტები არ დააბრუნონ, თუმცა ეს რისკები სესხის განაკვეთში გათვალისწინებულია, ამიტომაც ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთები მაღალია. რადგან მოსახლეობა თანახმაა ასეთ საპროცენტო განაკვეთებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ამ ტიპის სესხების აღება დამატებით კეთილდღეობას ქმნის. 

მთავრობის მიერ დამტკიცებული 50%-იანი საპროცენტო განაკვეთი არის საკმაოდ ახლოს ქვეყანაში არსებული ლომბარდების საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, რაც 45%-ს შეადგენს. ონლაინსესხებისგან განსხვავებით, სალომბარდო სესხი უზრუნველყოფილია ლომბარდში ჩადებული ქონებით. საკრედიტო რისკის დადგომის შემთხვევაში ლომბარდი უზრუნველყოფაში ჩადებულ ნივთს ისაკუთრებს და მის რეალიზაციას ახდენს. ონლაინსესხი კი არაფრით არაა უზრუნველყოფილი. შესაბამისად ის ბევრად რისკიანია, რადგანაც ვადაგადაცილების ან სრული გადაუხდელობის შემთხვევაში გამსესხებელსა და კლიენტს შორის იწყება დავა, ეს დავები კი თვეობითაც შეიძლება გაგრძელდეს და არ არსებობს სრული გარანტია, რომ კომპანია გასესხებულ თანხას დაიბრუნებს. ეს მაღალი რისკი, როგორც წესი ონლაინსესხის საპროცენტო განაკვეთშია ასახული, თუმცა მისი ხელოვნურად შემცირების შემთხვევაში ონლაინგამსესხებელი ბევრად დაუცველი რჩება.

მთავრობის მიერ დამტკიცებული 50%-იანი ლიმიტი მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ სესხების საბაზრო განაკვეთზე. მაგალითად, 50%-იანი ლიმიტის შემთხვევაში, სამი თვით 500 ლარის გაცემისას მაქსიმალური განაკვეთი დაახლოებით 50 ლარი შეიძლება იყოს, რაც წლიურ ეფექტურ 45%-ს შეადგენს.

მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც განაკვეთზე ჭერი ამ პროდუქტის საბაზრო განაკვეთზე ორჯერ ნაკლებია ონლაინსესხების ბაზარზე დაკრედიტების მთლიანი მოცულობა შემცირდება. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი კომპანიისთვის ახალი რეგულაცია იმდენად მძიმე აღმოჩნდეს რომ მათ ბაზარზე ოპერირება ვეღარ გააგრძელონ.

განაკვეთზე ჭერის დაწესება ამ ბაზარზე მიწოდებას (ახალი სესხების გაცემას) შეამცირებს, მეორე მხრივ კი მოსახლეობიდან ამ სესხებზე მოთხოვნა დაახლოებით უცვლელი დარჩება. შესაბამისად, განაკვეთის ჭერმა შესაძლოა, მიკროსესხებზე დეფიციტი გამოიწვიოს, ანუ მოსახლოების ნაწილი, ვინც თანახმა იქნებოდა 100%-იან სესხზე, მათ უბრალოდ ვეღარ მიიღებს.

ონლაინსესხებს ხშირ შემთხვევაში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემის შესავსებად იყენებს. ეს ის მოსახლეობაა, ვინც დასაქმებულია, თუმცა ხელფასი თვიდან-თვემდე არ ჰყოფნის. იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე დაკრედიტება შემცირდება, მათ აღარ ექნებათ საშუალება ამ ტიპის სესხები აიღონ, სავარაუდოდ, ამით მათი პირობები არ გაუმჯობესდება.

ონლაინსესხების კომპანიები მრავალ ადამიანს ასაქმებენ, ახალი რეგულაცია კი მათ სამუშაო ადგილებს გაქრობა/შემცირების რისკის ქვეშ აყენებს.

კომენტარები