სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
საქმე მაჩალიკაშვილის განცხადებას ეხება, რომელიც მან პარლამენტთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე "ნუ მომკლავ" 31 მაისს გააკეთა და თქვა, რომ "ასეულობით ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, სუს-ში თავი აეფეთქებინა, თუმცა ქართველი ადამიანების სიყვარულის გამო გადაიფიქრა".
სუს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რა მუხლით დაიწყო გამოძიება. თუმცა, როგორც უწყების პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, სუს-ი ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს ყველა შემთხვევაში, როცა მსგავსი განცხადება გაკეთდება.
მოგვიანებით, ნეტგაზეთის ცნობით, მაჩალიკაშვილმა თავისი განცხადება განმარტა და თქვა: “ჩემთვის მოკვლაზე მძიმეა მისი ტერორიზმში დადანაშაულება. ერთი წელი არ იყო ბავშვი საზოგადოებაში გამოსული, ძლივს შევაქუჩე ის ფული, ის 14 000 ლარი, ოპერაცია გავუკეთე, ხალხში გამოვიყვანე. აიღეს და ამათ ჩამიცხრილეს ლოგინში და ტერორიზმში დაადანაშაულეს კიდევ. ამის შემდეგ მეუბნებიან, შენ ასეთ განცხადებას აკეთებო. იმას აღარ ფიქრობენ, მუსლიმ კაცს რაღაც თუ წამომცდა, მაგას კუდს გამოაბამენ, ეს არ არის კარგი საქციელი. შეიძლება ემოციურად მომივიდა, შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერ ასე მოქცეოდა, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა ჩემს ხალხს, ჩეჩენ ხალხს ჩემთან, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და დავაყოლებდი მათ ათას ადამიანს ჩემს თემირლანს, მაგრამ მე ამას საქართველოში არც გავაკეთებდი და არც გავაკეთებ,” – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.