მალხაზ მაჩალიკაშვილი

თალაკვაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ განიხილავს

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი გუნდი არ განიხილავს, "პირდაპირ გეტყვით, რომ არ განვიხილავთ", - პასუხობს თალაკვაძე ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რატომ არ შეუშვეს მალხაზ მაჩალიკაშვილი ბრიფინგის ჩასატარებლად პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ მის სახელზე დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, საშვი ოფიციალურად დააშვებინა, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს "სუფთა პოლიტიკური", ვიწროპარტიული ინტერესი იყო და ასეთი ბრიფინგების ადგილი "თავიანთ ოფისებშია".

"ეს პოლიტიკური პარტია, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს კონკრეტული მოქალაქის ინტერესი საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენოს.", - ამბობს თალაკვაძე.

მაჩალიკაშვილი პარლამენტში კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

დღეს, 29 იანვარს, მაჩალიკაშვილს ბრიფინგის გამართვა პარლამენტში სურდა, თუმცა იგი  პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. შედეგად მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მალხაზ მაჩალიკაშვილს თან ჰქონდა მიტანილი კომისიის შექმნის მოთხოვნა და დეპუტატების სახელებზე დაწერილი წერილები.  

მაჩალიკაშვილი მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქციებს მთელი ორი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად მართავდა მანამ, სანამ 30 დეკემბრის ღამით მოულოდნელად მისი კარავი თბილისის მერიამ არ აიღო. მერიამ კარვის ნაცვლად ზვიგენის გამოსახულებიანი ბატუტები ჩადგა და გამოაცხადა, რომ იქ გასართობი ცენტრი უნდა მოწყობილიყო. 

ბატუტი მალევე ჩაიფუშა და მის ნაცვლად მერიამ ამჯერად სათამაშო მოედანი მოაწყო, თუმცა ბავშვები მასზე თამაშს ვერ ახერხებდნენ, რადგან ის შემოღობილი იყო და პარლამენტთან მისვლის საშუალებას არავის აძლევდა. 

ამაო აღმოჩნდა თბილისის მერიის მცდელობაც, გარემოვაჭრეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის წინ გადაეყვანათ. გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ ისინი მაჩალიკაშვილს უჭერენ მხარს და იქ გაყიდული პროდუქციის შემოსული ფულით შვილებს საჭმელს ვერ აჭმევენ. 

იანვრის დასაწყისში კი თბილისის მერიამ პარლამენტის შენობას მწვანე ღობე შემოარტყა და გამოაცხადა, რომ ფილების რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც მაქსიმუმ, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

პროკურატურის განცხადებით, მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 25 იანვარს შეწყდა. უწყების განცხადებით, "სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო".

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები