აშშ-ჩინეთი

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში აშშ-ის საკონსულოდან დიპლომატების ნაწილის ევაკუაცია მოხდა

აშშ-ის საკონსულო გუანჯოუში
Chinadaily

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუდან დიპლომატების ნაწილი უკან გაიწვია. მიზეზს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგენს, რომელიც ტვინის დაზიანებას წააგავს. მსგავსი სიმპტომები კუბაზე აშშ-ის საელჩოში მომუშავე დიპლომატებსაც აღმოაჩნდათ და მათი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჰეზერ ნაუერმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომელთა ნაწილს სიმპტომები გამოუვლინდათ, ქალაქში სპეციალური ჯგუფი გაგზავნეს:

"პროფესიონალი მედიკოსები გააგრძელებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და სიმპტომების გამომწვევი მიზეზების კვლევას." თქვა მან.

The New York Times-მა 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან ორი ამერიკელის ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ, რაც ისინი უცნაური ხმების გაგონების შემდეგ ცუდად გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კუბაზე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ჩივილი 2016 წლის ბოლოს დაიწყეს. მათი სიმპტომები შემდეგია: სმენის დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა და გულისრევა. ეს სიმპტომები დღემდე ოცზე მეტ თანამშრომელს გამოუვლინდა. უკანასკნელი შემთხვევა 21 აგვისტოს დაფიქსირდა.

წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი მიზეზად "აკუსტიკურ თავდასხმას" ასახელებს. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით თანამშრომლების ჯანმრთელობაზე გავლენა ამ დრომდე დაუდგენელი ხმოვანი აპარატით მოახდინეს. კუბა თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს.

საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ოფიციალურმა ჰავანამ ვერ შეძლო კუბაში აშშ-ის საელჩოში ამერიკელი დიპლომატების დაცვა.

კომენტარები