კრიმინალი

აშშ-ის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით გურიაში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით, ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს - ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ს მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია" - აცხადებს შსს.

22 მაისს კი, უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შევიდა ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს. 23 მაისს დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები