ტენდერები

100 ახალი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი ჩაიშალა

თბილისის მერია

მერიის მიერ გამოცხადებული 45-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც 100 ახალი ავტობუსის შესყიდვა უნდა მომხდარიყო, ჩაიშალა. ამის მიზეზია ის, რომ საკუთარი განაცხადი არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.

საინტერესოა, რომ ტენდერის მიხედვით, წინადადებათა მიღება მხოლოდ 3 სამუშაო დღის, 19-22 მაისის მონაკვეთში იყო შესაძლებელი. არაა გამორიცხული, ტენდერის ჩაშლაზე ამ გარემოებას მოეხდინა გავლენა, რადგანაც ისეთი მსხვილი კონტრაქტისთვის, როგორიც 100 ავტობუსის მიწოდებაა, დოკომენტების მოსამზადებლად 3-დღიანი ვადა შესაძლოა მცირე იყოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, მერია გეგმავდა შეეძინა ავტობუსი, რომელსაც არანაკლებ 23 დასაჯდომი ადგილი ექნებოდა და რომლის სრული ტევადობაც 69 ადგილი იქნებოდა. ამავდროულად, ავტობუსი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო შშმ პირებისთვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსით, ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით.

მერიის განმარტებით, საშუალო ტევადობის ავტობუსების შესყიდვა რთული რელიეფის უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის გაუმჯობესების მიზნით გადაწყდა. მომავალი 3 წლის განმავლობაში თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა სულ 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს.

კომენტარები