ტენდერები

2016 წლიდან ოცნების დეპუტატისა და მისი ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 92 მილიონი აიღეს

იოსებ მაკრახიძე
ქართული ოცნება

საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც იოსებ მაკრახიძე ქართულმა ოცნებამ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა ბიუჯეტიდან 91.8 მილიონი ლარი მიიღეს.

ამ პერიოდში იმ კომპანიებმა, რომლებშიც წილებს ფლობენ მაკრახიძე, მისი შვილები და ძმა, გაიმარჯვეს 69 ტენდერში, აქედან კი 41-ში უკონკურენტოდ. მათ ასევე გაუფორმდათ 26 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება.

კომპანია "იბოლიამ" სადაც მაკრახიძე წილების 40%-ს ფლობს, ხოლო მისი შვილები ჯამში 30%-ს, 2016 წლის შემდეგ 24 ტენდერი მოიგო და 18 გამარტივებული შესყიდვა შეასრულა, ბიუჯეტიდან კი თითქმის 75 მილიონი ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ "იბოლიამ" 15 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო, აქედან კი 10 გორის მუნიციპალიტეტში, რომელსაც მაკრახიძე წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოში.

შპს "შარამ", სადაც იოსებ მაკრახიძის შვილი წილების 33%-ს ფლობს, ბიუჯეტიდან თითქმის 20 მილიონი ლარი მიიღო. "შარა" მონაწილეობდა გორისა და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების, ქარელისა და ბორჯომის 8 უკონკურენტო ტენდერში, საიდანაც ყველაში გაიმარჯვა.

შპს "არქმშენსტუდია 2002"-მა, რომლის მფლობელიც მაკრახიძის ძმაა, 882 505 ლარი მიიღო გორის მუნიციპალიტეტის ტენდერებიდან. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მაკრახიძე გორის მუნიციპალიტეტში თავადაცაა დასაქმებული - მისი ძმის დეპუტადად არჩევის შემდეგ, ის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

მაკრახიძეს წარსულში ბრალი ჰქონდა წარდგენილი თანხების მითვისების გამო. 2012-14 წლებში პროკურატურა მას ედავებოდა სახელმწიფოს კუთვნილი 79 450 ლარის მითვისებასა და თაღლითობაში.

სასამართლომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2016 წლის 22 ივლისს, ქართული ოცნების მიერ მაკრახიძის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებამდე 9 დღით ადრე შეწყვიტა.

კომენტარები