ტენდერები

ბექა ოდიშარიას ქვისლის კომპანიამ 666-ათასიანი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო

ბექა ოდიშარია
ქართული ოცნება

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2020 წლის 3 ივნისს გამართული უკონკურენტო ტენდერით სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ 666 000-ლარიანი კონტრაქტი დადო ჯი-თი მოტორსთან, რომლის გენერალური დირექტორი ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ქვისლია.

ტენდერის საშუალებით სახელმწიფო კომპანიამ 10 ავტომობილი შეისყიდა. ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ავტომობილის ტექნიკური პარამეტრები სატენდერო პირობებში იმდენად დეტალურად იყო გაწერილი, რომ ჩნდება ეჭვი, ტენდერი ზუსტად იყო მორგებული კონკრეტულ კომპანიაზე. ამას ემატება ისიც, რომ ტენდერში სხვა კომპანია არ მონაწილეობდა.

ფლანგვის დეტექტორის თქმით, ჯი-თი მოტორსი 2011 წლიდან მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და უმეტეს შემთხვევებში - წარმატებით. ჯამში, 2011-20 წლებში კომპანიას 56 მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები აქვს მიღებული, საიდანაც 13.7 მილიონი გამარტივებულ შესყიდვებზე მოდიოდა.

ამასთან, კომპანიას ხშირად აძლევენ თანხას ავანსად, მომსახურების შესრულებამდე, ზოგჯერ კი ჯი-თი მოტორსის შეთავაზებული თანხა კონკურენტისას მინიმალური, ერთი ლარის სხვაობით ჩამოუვარდება.

ჯი-თი მოტორსის 100%-იანი წილის მფლობელია შპს ჯი-თი გრუპი, რომლის გენერალური დირექტორი და წარმომადგენელი 2020 წლის 1-ლ ივლისამდე იყო ლევან გოგსაძე . ლევან გოგსაძე ქართული ოცნების კრწანისის მაჟორიტარისა და მომავალ არჩევნებში მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატის, ბექა ოდიშარიას ქვისლია. თავად გოგსაძემ 2016 წელს ქართულ ოცნებას 38 ათასი ლარი შესწირა. კომპანიის სხვა დამფუძნებლებს კი ოცნებისთვის ჯამში 180 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

კომენტარები