საქართველო-რუსეთი

კობახიძე: ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სტრასბურგში საქმე საქართველომ რუსეთს მოუგოს

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს.

„ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ჩვენ გვქონდა საგანგებო შეხვედრაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იუსტიციის მინისტრთან და განვიხილეთ ამ სარჩელის საკითხები. ვფიქრობთ, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და დანარჩენი, არის უკვე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოზე. ჩვენ ველოდებით, ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებას”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 23 მაისს, თბილისის დროით 11:25 საათზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში საქმე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ განიხილება. საქმე 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

განხილვის შემდეგ სასამართლო საქმეზე დახურულ ფორმატში იმსჯელებს, გადაწყვეტილებას კი მოგვიანებით გამოაცხადებს.

საქართველომ განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა. სარჩელი ადამიანის უფლებათა კონვენციის 33-ე მუხლის ფარგლებში იქნა შეტანილი, რაც სახელმწიფოთაშორის საქმეებს გულისხმობს.

საქართველოს სრული განაცხადში, რომელიც სასამართლოს თანდართული მასალებით 2009 წლის 6 თებერვალს მიეწოდა, ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სეპარატისტული ძალები განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებს ახორციელებდნენ სამოქალაქო პირების და მათი ქონების წინააღმდეგ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველო რუსეთს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ედავება, ისევე როგორც პირველი, მე-2 (განათლების უფლება და ქონების დაცვა) და მე-4 (გადაადგილების თავისუფლება) დამატებით ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას.

2011 წლის 22 სექტემბერს გამართული მოსმენის შემდეგ, 2011 წლის 13 დეკემბერს პალატამ განაცხადი დასაშვებად ცნეს, საქმის არსებით გარემოებებზე წინასწარი მსჯელობის გარეშე. 2012 წლის 3 აპრილს პალატამ, რომელსაც ეს საქმე ებარა, მისი იურისდიქცია დიდ პალატას გადასცა.

მოსამართლეთა დელეგაციამ სტრასბურგში 2006 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით მოწმეთა ჩვენებები მოიპოვა. სასამართლომ მთლიანობაში 33 მოწმეს მოუსმინა: 16 მათგანი საქართველოს მთავრობამ შეარჩია, 11 - რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, 6 მათგანი კი უშუალოდ სასამართლომ დაიბარა.

კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ 2014 წელს მოიგო. საქმე 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა.

7-წლიანი განხილვის ამ საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

კომენტარები