კრიმინალი

პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ძმები დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით, ლანჩხუთში ორი ძმა - 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ჩ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ჩ., დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს ნ.ჩ. და ნ.ჩ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, თავს დაესხნენ დეტექტივ-გამომძიებელს - ზ.ი.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. ზ.ი.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, დეტექტივ-გამომძიებელი ზ.ი. ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა, კერძოდ, ძმებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში კლინიკა „მედალფას“ ექიმი-ნევროპათოლოგი - მ.ბ. სცემეს"
- აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯგუფურად თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად იცავს როგორც მოქალაქეთა, ასევე, საკუთარი თანამშრომლების უფლებებს, ღირსებას და უსაფრთხოებას. უწყება პოლიციელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტზე, ისევე როგორც სხვა სახის დანაშაულებზე, უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს" - აცხადებს შსს.

კომენტარები