ისრაელი-ირანი

ნეთანიაჰუ: ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის შესახებ ცრუობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აქვს არქივი, სადაც დაცულია ირანის ბირთვული გეგმების შესახებ მოპარული ინფორმაცია. მან ირანი ბირთვული იარაღის დამზადების გეგმების შესახებ სიცრუეში დაადანაშაულა.

თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობაში, საზოგადოებას წარუდგინეს დოკუმენტები და დისკები, რომლებიც ისრაელის თქმით ამტკიცებს, რომ ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს წლების მანძილზე ატყუებდა, როდესაც აცხადებდა, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა.

"ეს დოკუმენტები ამტკიცებს, რომ ირანი ურცხვად იტყუება მაშინ, როდესაც აცხადებს, რომ არასდროს ჰქონია ატომური იარაღის პროგრამა" თქვა მან.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ამის მტკიცებულებას იანვარში "მოსადის" აგენტების მიერ თეირანში მდებარე საიდუმლო საწყობიდან მოპარული 55,000-გვერდიანი დოკუმენტები და 183 დისკი შეიცავს. საიდუმლო ოპერაციის შესახებ დონალდ ტრამპს ინფორმაცია იანვარში "მოსადის" ხელმძღვანელმა მიაწოდა.

ნეთანიაჰუს თქმით მათ უკვე მიაწოდეს მოპოვებული ინფორმაცია აშშ-ს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ფოტო: Shutterstock

ირანში ნეთანიაჰუს განცხადებებს "ბავშვური და სასაცილო თამაში" უწოდეს და ის შეაფასეს როგორც წინასწარ დადგმული შოუ რომელიც მიზნად ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისამდე დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა აშშ ირანის ბირთვულ შეთანხმებას. მას უკვე ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარის საფრენგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. ორივე მათგანი შეთანხმების შენარჩუნების მომხრეა. მაკრონთან შეხვედრისას, გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტებმა არსებული შეთანხმების გაფართოვებაზე და გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.

დოკუმენტების გაცნობის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ისინი ავთენტურია და ჩანს, რომ ირანი სულ მცირე საკუთარ მოსახლეობას გამუდმებით ატყუებდა. თუმცა პომპეოს თქმით დოკუმენტები ეხება პროექტს, რომელიც 2003 წლისთვის დასრულდა და ნათლად არ ჩანს დაარღვია თუ არა ირანმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება.

კომენტარები