თაღლითობა

ვითომდა კრის რის კონცერტის ბილეთების მოტყუებით გაყიდვისთვის 1 პირი დააკავეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მოიტყუა, რომ საქართველოში მუსიკოსი კრის რი ჩამოჰყავდა და ვითომდა დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები 2 727 ბილეთი გაყიდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, თითქოსდა მისი კომპანიის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, კონცერტს გამართავდა ცნობილი მუსიკოსი კრის რი. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებისას, ბრალდებულმა, ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულებები ერთერთ საკონცერტო დარბაზთან და ბილეთებით ონლაინ მოვაჭრე კომპანიასთან. მოქალაქეთა მოზიდვის მიზნით, მან ჩაატარა აქტიური პიარკამპანია კრის რის 2017 წლის 30 დეკემბერს ვითომდა დაგეგმილი კონცერტისთვის. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეალიზებულ იქნა 2 727 ბილეთი, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კრის რის მსოფლიო ტურნე 2017 წლის 12 დეკემბერს, ინგლისში დასრულდა და საქართველოში კონცერტის გამართვა დაგეგმილი არ იყო." - წერია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

კომენტარები