საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სარგსიანი: პაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი

სერჟ სარგსიანი
euractiv

სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან თანამოქალაქეებს განცხადებით მიმართა და თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 22 აპრილს დემონსტრაციების დროს დააკავეს და დღეს, სარგსიანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლეს, მართალი იყო, თავად კი ცდებოდა. 

"ჩემო თანამემამულეებო, მივმართავ სომხეთის ყველა მოქალაქეს, ხანშიშესულებსა თუ ძვირფას ახალგაზრდებს, კაცებსა და ქალებს;

მივმართავ მათ, ვინც დღისით და ღამით დგას მოედანზე მოწოდებით "უარი უთხარი სერჟს", და მათაც, ვისაც ამ დღეების მანძილზე სამსახურამდე მისვლა გადაკეტილი ქუჩებით უწევს, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება;

მივმართავ მათ, ვინც დღის მანძილზე პირდაპირ ეთერს უყურებს და მათ, ვინც დღისითა და ღამით, როგორც ნამდვილი მამაკაცები, უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგს. მივმართავ ჩვენს გაბედულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც საზღვარზე დგანან, მივმართავ თანამოაზრეებს;

მივმართავ თანაპარტიელებს, ყველა პოლიტიკურ ძალასა თუ მოღვაწეს;

უკანასკნელად მოგმართავთ ქვეყნის ხელმძღვანელის რანგში -

ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი. შექმნილი გარემოებებიდან რამდენიმე გამოსავალია, თუმცა მე არცერთ მათგანზე არ წავალ. ეს ჩემი არ არის. მე ვტოვებ ქვეყნის ხელმძღვანელის მოვალეობას, სომხეთის პრემიერმინისტრობას. 

ჩემი ხელისუფლების მიმართ ქუჩის მოძრაობაა, მე კი თქვენს მოთხოვნას ვასრულებ. 

ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ჰარმონიასა და კეთილგონიერებას ვუსურვებ,"- დაწერა სარგსიანმა. 

ქვეყანაში სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები 13 აპრილიდან იმართება.

კვირას სომხეთის პოლიციამ დემონსტრაციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აქციების მანძილზე დააკავეს ათასამდე ადამიანი.

სარგსიანი პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტმა საზოგადოების პროტესტი მიუხედავად 17 აპრილს დაამტიკცა.

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები