საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სარგსიანი: ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად, მოსახლეობის მოთხოვნილებებიც იზრდება

სერჟ სარგსიანი
euractiv

სომხეთის პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი ამბობს, რომ უკმაყოფილება ყოველთვის იქნება, რადგან რაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, მით უფრო იზრდება მოქალაქეების მოთხოვნების ჩამონათვალი. ამის შესახებ სარგსიანმა ტელარხ "შანთის" ეთერში საუბრისას განაცხადა. 

"ალბათ, 2017 წელი იყო ერთადერთი წელი, როცა ქვეყანაში მიტინგი არ ჩატარებულა, ტურისტებს შეეძლოთ, მშვიდად ჩამოსულიყვნენ ერევანში, ინვესტორებს შეეძლოთ, მშვიდად ჩამოსულიყვნენ ამ ქვეყანაში და ინვესტიციები ჩაედოთ. და ზუსტად 2017 წელს ჩვენ 7,5%-იან ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ,"- ამბობს სომხეთის პრემიერი. 

სერჟ სარგსიანის თქმით, რამდენიმე წელია საჭირო იმისთვის, რომ დადებითი ძვრები და ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობას დაეტყოს. 

"თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ხალხი უკმაყოფილო იქნება, რადგან რაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, მით უფრო მეტი მოთხოვნილება უჩნდებათ მათ. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ შეგვეძლოს მინიმალური შედეგის მიღწევა, რომლის დროსაც ადამიანები საკუთარი სურვილების თუნდაც ნახევრის რეალიზებას შეძლებენ. ესაა მიზანი,"- ამბობს სარგსიანი.

სომხეთის პრემიერმინისტრის განცხადებითვე, ხელისუფლება არ შეუზღუდავს მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი კანონს არ დაარღვევენ.

ერევანში უკვე რამდენიმე დღის მანძილზე საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეების პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. 

გუშინ პოლიციამ 66 მოქალაქე დააკავა. მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ ცენტრალური ქუჩები. ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ამბობს, რომ ისინი სამთავრობო შენობების ბლოკადაში მოქცევასაც გეგმავენ. 

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები