შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუხიანში მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული, რომელიც მოკლულის ნათესავია, "წითელი ხიდის" ტერიტორიაზე დააკავეს.
"შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მამაკაცს ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი - 1982 წელს დაბადებული გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ გ.ა.-ს სახელზე რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენის იარაღი - „რემუმინგტონ 700“ -ის მოდელის შაშხანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია ტყვიის 2 მასრა" - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





