ცხოველები

თოვლის მაიმუნები თერმულ მინერალურ წყაროებს სტრესის შესამცირებლად იყენებენ

Kento Mori / The Independent

გიყვართ ცხელი აბაზანის მიღება? ბევრი ადამიანისთვის ეს რთული დღის შემდეგ განტვირთვის საუკეთესო ხერხია. ახალი კვლევის თანახმად, ამ ხერხს მაიმუნებიც მიმართავენ.

მეცნიერებმა, რომლებიც იაპონური მაკაკების, იგივე თოვლის მაიმუნების ჯგუფს აკვირდებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათი ეს უჩვეულო ქცევა სტრესს ამცირებს და მათ სითბოს შენარჩუნებაში უწყობს ხელს.

თოვლის მაიმუნები უკიდურესად ცივ კლიმატში საცხოვრებლად არიან ადაპტირებულნი. მაგალითად, სქელი ბეწვი მათ ზამთრის თვეებში სიცივისგან იცავს.

1963 წელს ერთ-ერთი მაკაკა იაპონიაში, სასტუმროს კუთვნილ თერმულ “აბაზანაში” შეამჩნიეს. მას შემდეგ, მაიმუნების ამ საქციელს ცივ კლიმატთან ადაპტაციად მიიჩნევდნენ. იაპონიის ჯიგოკუდანის მაიმუნების პარკში მათ საკუთარი თერმული “აბაზანებიც” აუშენეს.

ფენომენის გამოსაკვლევად, კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა 12 მაიმუნის ფეკალური მასის ნიმუშებში სტრესთან და თერმორეგულაციასთან ასოცირებული ჰორმონების რაოდენობა შეისწავლა. მათ აღმოაჩინეს, რომ “აბაზანის” მიღების შემდეგ ამ ჰორმონების რაოდენობა მართლაც მცირდება და დაასკვნეს, რომ მაიმუნები, რომლებიც ამ ხერხს რეგულარულად მიმართავენ, ამით უკიდურესად ცივ კლიმატში ცხოვრებასთან დაკავშირებულ სტრესს უმკლავდებიან.

“ეს მიგვანიშნებს, რომ თოვლის მაიმუნებში, ისევე, როგორც ადამიანებში, ცხელ აბაზანას სტრესის შემამცირებელი ეფექტი აქვს” - ამბობს დოქტორი რაფაელა ტაკეშიტა, რომელიც ამ კვლევას ხელმძღვანელობდა. ის ამბობს, რომ ნერწყვის და სისხლის ანალიზების დახმარებით, ჰორმონების მოკლე ვადიან ცვლილებებზე დაკვირვებაც შესაძლებელია.

მაკაკების ამ უცნაურ ჩვევაზე დაკვირვებისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი “აბაზანას” ზამთარში უფრო ხშირად იღებენ, განსაკუთრებით - ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში.

“თოვლის მაიმუნების ეს განსაკუთრებული ჩვევა გვაჩვენებს, როგორ ეხმარება ქცევის ცვალებადობა მათ ცივი კლიმატის სტრესის დაძლევაში. ეს, სავარაუდოდ, გავლენას გამრავლებაზე და გადარჩენაზეც ახდენს” - ამბობს დოქტორი ტაკეშიტა.


ფოტო: Simone Sbaraglia / Caters News Agency

მაიმუნების სანახავად, პარკში, ხშირად, დღეში 500-მდე მნახველი მიდის. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ტურისტების და დამკვირვებლების რაოდენობა მაიმუნების სტრესის დონეზე გავლენას არ ახდენდა.  

 

კომენტარები