ცხოველები

მეცნიერებმა მანათობელი ზვიგენების სამი სახეობა აღმოაჩინეს

მანათობელი ზვიგენი

მეცნიერებმა, რომლებიც ახალი ზელანდიის წყლებში ზვიგენებს შეისწავლიან, აღმოაჩინეს, რომ ღრმა წყლებში მობინადრე ზვიგენების სამი სახეობა სიბნელეში ანათებს. სამი სახეობიდან ერთ-ერთი მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე დიდი ხერხემლიანი ცხოველია.

ბიოლუმინესცენცია, ცოცხალი ორგანიზმების ნათება, ქიმიური რეაქციის შედეგად ცოცხალი ორგანიზმების მიერ ხილვადი სინათლის წარმოქმნის პროცესია. ეს ფენომენი ფართოდაა გავრცელებული ზღვის ცხოველებში.

სამი სახეობიდან ერთ-ერთი, შავი ზვიგენი, 180-სანტიმეტრამდე იზრდება და ყველაზე დიდ მანათობელ ხერხემლიან ცხოველად ითვლება. მეცნიერები მას გიგანტურ მანათობელ ზვიგენს ეძახიან.

ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) და ახალი ზელანდიის წყლისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრების თანახმად, ეს აღმოჩენა გავლენას იქონიებს ღრმა წყლების ფლორისა და ფაუნის შესახებ არსებულ ცოდნაზე. ღრმა წყლების ფლორა და ფაუნა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ შესწავლილი ეკოსისტემაა.

ზვიგენები ოკეანეში 200-1000 მეტრის სიღრმეში ცხოვრობენ. ზედაპირიდან მომავალი შუქის ფონზე ზვიგენები სიღმიდან ამოხედვის დროს მარტივად შესამჩნევები არიან მტაცებლებისთვის. მეცნიერები თვლიან, რომ ზვიგენების მანათობელი მუცლები მათ ქვემოდან თავდასხმის თავიდან ასარიდებლად დამალვასა და შენიღბვაში ეხმარებათ.

აღსანიშნავია, რომ შავი ზვიგენი, რომელსაც თითქმის არცერთი მტაცებლისგან ემუქრება თავდასხმა, მეცნიერთა ვარაუდით ბიოლუმინესცენციას ნადირობის დროს ოკეანის ფსკერის გასანათებლად ან მსხვერპლთან მიახლოების დროს თავის შესანიღბად იყენებს. ამ ვარაუდის განმტკიცებისთვის შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საჭიროა, ბიოლუმინესცენციის კვლევის გაგრძელება.

კომენტარები